სამართლიანმა არჩევნებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა განცხადებით, შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ და წარუდგინოს ის სასამართლოს.
საქმე ეხება პატრიოტთა ალიანსის Facebook გვერდზე განთავსებულ 6 საარჩევნო კლიპსსა და მათი გამოყენებით შექმნილ Facebook რეკლამებს, რომლებიც შეიცავს ანტი-თურქულ მოწოდებებს, მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს.
"თითოეული რეკლამის საფასური 100-დან 200 დოლარამდე მერყეობს, ხოლო თითოეული რეკლამის გავრცელების პოტენციური მასშტაბი საარჩევნო ასაკის მილიონზე მეტ Facebook მომხმარებელს მოიცავს. თითოეულ პოლიტიკურ რეკლამას წარწერის სახით ახლავს მოწოდება - 'დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო', ხოლო პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი, შემდეგი მოწოდებით გამოდის: „დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს", - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საარჩევნო რეკლამებში პატრიოტთა ალიანსის ლიდერები თურქეთს წარმოაჩენენ დაუძინებელ მტრად, რომელიც ლამობს საქართველოს კუთხეების: აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის მიტაცებას. ამასთან, ვიდეორგოლებში ღრმა ისტორიული წარსული წარმოჩენილია მყისიერ და არსებულ საფრთხედ.
"საგულისხმოა, რომ 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, პატრიოტთა ალიანსმა, ბათუმი-სარფის მაგისტრალზე განათავსა სარეკლამო ბანერი, სადაც პარტიის დასახელების, მისი ლიდერების და საარჩევნო ნომრის გვერდით, გამოსახული იყო საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიად, ასევე, მონიშნული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, ხოლო ოკუპანტად მითითებული იყო თურქეთი, რაც მიუთითებს პარტიის განზრახვაზე, პროვოკაციული ფორმით საქართველოსთვის რუსეთის თანაბარ მტრად წარმოაჩინოს თურქეთი და გააღვივოს მტრული განწყობები ამ უკანასკნელის მიმართ", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
სამართლიან არჩევნებში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ვიდეორეკლამები პირდაპირ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, საფრთხეს უქმნის საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, შეიცავს ეროვნული შუღლისა და მტრობის გაღვივების ნიშნებს და მიმართულია რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების წაქეზებისკენ. საარჩევნო კანონმდებლობით აგიტაციის წესების დარღვევისთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.
სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს ცესკოს პოლიტიკური გაერთიანება პატრიოტთა ალიანსის მიმართ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და წარუდგინოს ის სასამართლოს და ვიდეორგოლების შინაარსისა და მისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, მოუწოდოს პარტიას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს აღნიშნული ვიდეორგოლების გავრცელება და დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობა.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: პატრიოტთა ალიანსი Facebook-ზე ძირითადად თურქოფობიული შინაარსის ვიდეოებს ასპონსორებს